”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე, სოზარ სუბარი გაერო-ს ეთნიკური თანამშრომლობის ნებაყოფლობითი ფონდის წევრი და ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს ექსპერტი გახდა.


იმაზე, თუ რა ფუნქცია აქვს ეთნიკური თანამშრომლობის ფონდს; როგორ მოხვდა იქ და რას ფიქრობს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე, პრესა.გე სოზარ სუბარს ესაუბრა.

სოზარ სუბარი: ეთნიკური თანამშრომლობის ნებაყოფლობითი ფონდი 5-კაციანია. მისი წევრები წელიწადში ორჯერ იკრიბებიან და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ანგარიშს აბარებენ იმაზე, თუ რა გაკეთდა, რის გაკეთებას აპირებენ, რა თანხებია გამოყოფილი, როგორ უნდა დაიხარჯოს ეს ფული და ა.შ. 2 ტიპის ანგარიშებია - რა კეთდება რეგიონების მიხედვით და რა კეთდება მიმართულბების მიხედვით; მაგალითად, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებების, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით…

პლუს ამას, ცალკეულ ქვეყნებში არსებული ვითარების განხილვა ხდება და შემდეგ ფონდი დასკვნას აქვეყნებს. ანუ, ფონდი ერთგვარ საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს, რამდენად სწორად მუშაობს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი. ფონდის წევრები როტაციის წესით 3 წელში ერთხელ იცვლებიან და ამაზე, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარდგინებით, გადაწყვეტილებას უშუალოდ გაერო-ს გენერალური მდივანი იღებს.

თქვენ როგორ აღმოჩნდით ამ ფონდში?
- ფონდში 2 ახალი წევრი ვართ - მე და ერთი ქალბატონი, სამხრეთ აფრიკიდან. პირადად ჩემი გამორჩევა როგორ მოხდა, არ ვიცი. რამდენიმე თვის წინ დამიკავშირდნენ და მითხრეს, ვიქნებოდი თუ არა თანახმა ასეთ შემოთავაზებაზე. ამაზე მივუგე, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივია და რომ დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი. ერთი კვირის წინ, მოულოდნელად დამირეკეს და მითხრეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და რომ ჟენევაში უნდა წავიდე.

როდესაც იქ ვიკითხე, არჩევანის შეჩერება როგორ ხდება,- აღმოჩნდა, რომ თავიდან არსებობდა რაღაც დიდი სია, სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელიც ბოლოს 5 ადამიანზე დავიდა და როდესაც ეს სია კომისარს შეუტანეს, მან არჩევანი ჩემზე გააკეთა. ახალ კომისართან შენახვედრი ვარ, მაგრამ ახლოს არ ვიცნობ და ამიტომ, მისი არჩევანი ჩემთვის მოულოდნელი იყო.

ფონდში ყოფილი სახალხო დამცველები არიან გაერთიანებულები?
- ამ 5-კაციან ფონდში, ერთადერთი პრაქტიკოსი უფლებადამცველი ვარ; დანარჩენები ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები არიან. გაერო-ში ომბუდსმენების განყოფილება ცალკე არსებობს, რომლის წევრებმა მითხრეს, რომ მათთვისაც დიდი პატივია, ომბუდსმენების სფეროდან, ერთი ადამიანის არჩევა, ამ ფონდში და რომ ეს ომბუდსმენების ინსტიტუტის მაღალ აღიარებაზე მეტყველებს და მით უმეტეს, ეს ძალიან დიდი აღიარებაა, საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის და მისი გაწეული მუშაობის.

პოლიტიკაში გადასვლის შემდეგ, ისევ მოგმართავენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე?
- დიახ, არაერთი ასეთი ფაქტი ხდება. განსაკუთრებით, როცა პოლიციაში, ან ციხეში ვიღაცას სცემენ, მიკავშირდებიან და გადავამისამართებ ხოლმე ახალი სახალხო დამცველის ოფისთან და არაერთი ასეთი ცემის ფაქტი გამოაშკარავდა. მაგალითად, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რეხვიაშვილის ცემის ფაქტი. დედამისი შემხვდა, მითხრა, რომ მერვე საპყრობილეში მისი შვილი სასტიკად ნაცემი გახლდათ და დახმარება მთხოვა. სახალხო დამცველის ოფისს დავუკავშირდი, მათ შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი მართლა უსასტიკესად იყო ნაცემი.

რას იტყვით პატრიარქის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე - არის თუ არა ეს თვითონ პატრიარქის და მართლმადიდებლების შეურაცხყოფა? ვგულისხმობ ინტერნეტში განთავსებულ ვიდეორგოლებს და ერთ-ერთ ყოველკვირეულ, დიდტირაჟიან გაზეთში დაბეჭდილ სტატიებს.
- წერილებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან არ წამიკითხავს. რაც შეეხება ვიდეორგოლებს, ვნახე ”კავკასიას” ეთერში, ნანა ლეჟავას მიერ გაკეთებული ჟურნალისტურ გამოძიებაში, სადაც რაღაცეები გაცენზურებული იყო, სავსებით სწორად და სამართლიანად, მაგრამ თვითონ იქიდან რაც დავინახე, არანაირად არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში - ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის უხამსობა და რელიგიური შეურაცხყოფა.

უხამსობა და საზოგადოებრივი მორალი - ეს არის ის საზღვარი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას აქვს. ეს აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და ასევე, ყველა დემოკრატიული სასამართლოს მიერ. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს ნათქვამი აქვს, რომ ”ძალიან ძნელი, თითქმის შეუძლებელია უხამსობის განსაზღვრება გააკეთო, მაგრამ მე ვიცი უხამსობა, როდესაც ვხედავ მას”. ანუ, უხამსობა ყოველთვის პრაქტიკაში ვლინდება.

როდესაც მე კლიპები ვნახე, ჩემთვის ეს ნამდვილად უხამსობა იყო, ამას სხვა ახსნას ვერ მივცემ. შესაბამისად, ეს არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფერო. ოპონენტებმა შეიძლება თქვან, რომ ”არის ქვეყნები, სადაც მსგავსი რამეები ხდება და მიღებულია და საქართველოში რატომ არ უნდა იყოს იგივე”. ეს არ არის სწორი ანალოგია, რადგან იგივე აშშ-ს უზენაეს სასამართლოს აქვს ნათქვამი, რომ ზოგადად საზოგადოებრივი მორალი და ის, თუ რა არის უხამსობა, ძალიან განსხვავებული შეიძლება იყოს, არა თუ სხვადასხვა ქვეყნებს შორის, არამედ ერთ ქვეყანაშიც კი და იქ პირდაპირ წერია, რომ რაც შეიძლება არ იყოს უხამსობა ნიუ იორკში, ის უხამსობა იქნება და შესაბამისად, ერთგვარ დასჯას დაექვემდებარება, რომელიმე სხვა, უფრო კონსერვატიულ შტატში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ერთ-ერთ საქმეზე, ”ენდი საიდი ინგლისის წინააღმდეგ”, ინგლისის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც უხამსობას კრძალავდა, გაამართლა. იმ საქმეში წიგნების ამოღებაზე იყო ლაპარაკი, რომელიც გავრცელდა უელსში, შოტლანდიაში, ჩრდილო ირლანდიაში, რომელიც ასევე ბრიტანეთის შემადგენელი ნაწილია და იქ არ აუკრძალიათ, მაგრამ, შოტლანდიელებს შეუძლიათ უხამსობის განსხვავებული ხედვა ჰქონდეთ და ინგლისელებს განსხვავებული და სახელმწიფოს უფლება აქვს, ამ შემთხვევაში აკრძალვა დააწესოს.

ასე რომ სახელმწიფოს ნამდვილად აქვს უფლება, ასეთ შემთხვევაში ჩაერიოს, მაგრამ ჩვენი კანონდებლობა ისეთი მკაცრი არ არის, როგორც ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის, მაგრამ თვითონ უხამსობაც არ არის არანაირად დაცული.

დღეს, საერთაშორისო უფლებათადამცეველები (გაერო-ში ყოფნისას ამაზე იყო ლაპარაკი) ძალიან აქტიურად განიხილავენ, აი, ამ ახალ ფენომენს, რასაც ჰქვია რელიგიური შეურაცხყოფა და მიდიან იქითკენ, რომ ეს არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფერო და აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს რელიგიურ შეურაცხყოფად, უპირველესად გამომდინარეობს თვითონ იმ რელიგიის ბუნებიდან და იმ რელიგიის მიმდევართა მიდგომიდან, რომელსაც ეს საქმე ეხება.

როგორ ფიქრობთ, ურევია თუ არა ხელისუფლების ხელი, პატრიარქის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში?
- ცხადია რომ ეს არის კამპანია. ხელისუფლებას ზოგადად არ მოსწონს არავინ, ვინც კი შეიძლება ქვეყანაში იყოს ავტორიტეტული და მით უმეტეს, პატრიარქი, რომელსაც უზარმაზარი ავტორიტეტი გააჩნია. პატრიარქის წინააღმდეგ ასეთი კამპანიის აგორება, გამოიწვია განცხადებამ, რომელიც პატრიარქმა მასწავლებელთა პროფკავშირთან შეხვედრაზე გააკეთა.

პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ეს არის სწორი განცხადება, რადგან როცა შეიძლება თავი აარიდო ომს (და მით უმეტეს, წინასწარ წაგებულს), ხელისუფლებამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ შეძლებს, ის ძალიან ცუდი ხელისუფლებაა. ჩემს ენაზე რომ გადმოვიტანო, ეს იყო პატრიარქის განცხადებაში ნათქვამი და ბუნებრივია, ეს არ მოეწონებოდა, არც თეა თუთბერიძეს და არც იმ ადამიანებს, რომლებიც ვანო მერაბიშვილის ფანკლუბში არიან დარეგისტრირებულები, იმავე ”ფეისბუქზე”.

რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, ვიდეორგოლების ავტორების წინააღმდეგ?
- ამის გაკეთება გამართლებულად არ მიმაჩნია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობა ამის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, მაგრამ, თუ კი ამას გააკეთებენ, მაშინ ძალიან მინდა იგივე სტანდარტი გავრცელდეს პრეზიდენტზეც - როდესაც პრეზიდენტი უწოდებს ჩარეცხილებს, ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს, ან როდესაც პრეზიდენტი კონკრეტულ მოქალაქეებს ადარებს პირველყოფილ ადამიანებს - მზიას და ზეზვას. ესეც ისეთივე შეურაცხყოფაა, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტისგან მოდის. კარგი იქნება პროკურატურა პრეზიდენტის წინააღმდეგაც თუ დაიწყებს გამოძიებას.

[ნინო მიქიაშვილი]

ქართული რადიო – მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა და საინტერესო გადაცემები

ეს საინტერესოა

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
როგორც "სი–ეიც–ენს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ჰოსპიტალიზირებულია. მათ ვირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა აქვთ და მკურნალობა ინფექციური პათოლოგიისა ცენტრში უტარდებათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... ვრცლად>>

"ღია ბოქლომი"-ს სიახლეები

ბენერი

გრიშა ქობალიას “ნაციონალურ დამსახურებას“ რევაზ ლაღიძე შეწირეს

- “მე მინდა ჩვენს ერთ პრობლემაზე მოგითხროთ და ძალიან გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ. მე ვარ ლაღიძის ქუჩის მცხოვრები, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ალიოკა ქობალიამ ყველასგან დაუკითხავად გადაწყვიტა მამამისის, გრიგოლ ქობალიას სახელის დარქმევა ჩვენი ქუჩისთვის.

სასწაული ის არის, რომ სადაც ალიკა ქობალია ცხოვრობს, იმ ქუჩას ”სვანეთის” ერქვა და ახლა მისი ძმის, ლევან ქობალიას სახელი ჰქვია. ნუთუ რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება მის ოჯახში, იმდენი ქუჩის სახელწოდება უნდა შეიცვალოს? იცით რა არის ყველაზე ცუდი? ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ვერ ავუხსნი, თუ რატომ ჰქვია ქუჩას ქობალიას სახელი და ვერ ავუხსნი რას წარმოადგენდა იგი...
ვრცლად>>

დედოფლისწყაროს სიახლეები

ten-year school

ჟურნალ "ღია ბოქლომთან" არსებული ჟურნალისტთა სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას...

ინფორმაცია>>

საინფორმაციო პორტალი

georgia